11, სექტემბერი 2020 10:12:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ბათუმისა და ქობულეთის სკოლების გარდა, მზაობის მიხედვით სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლება გახდეს საჭირო და სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მიზანი და ქვეყნის გადაწყვეტილება არის ის, რაც გაჟღერდა, რომ 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყოს საკლასო ოთახში. თუმცა, ხედავთ, ეპიდემიის მიმდინარეობა გარკვეულწილად ცვლადია და სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა, მოგვიხდეს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მოხდა ბათუმის და ქობულეთის შემთხვევაში, სადაც სწავლა დაიწყება, თუმცა დისტანციური რეჟიმით.
ამ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები ადგილობრივ დონეზე სკოლებში იქნება საჭირო, მათი მზაობის ხარისხიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ნებისმიერ სკოლაში რაღაც დონეზე დადგეს კორონავირუსის შემთხვევები და მაშინ დასჭირდებათ სხვანაირი მოქმედება. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია იმდენად კეთილსაიმედოა, რომ სწავლის დაწყებას იმ სკოლებში, სადაც მზაობა არსებობს, ხელი არ უნდა შეეშალოს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ბათუმსა და ქობულეთში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღეს.