11, სექტემბერი 2020 15:49:00
"უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, რათა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობა იყოს შესაძლებელი" - პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დავალება მისცა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს, საქართველოში საშუალოდ, 8 ათასი PCR ტესტი კეთდება და უახლოეს პერიოდში აღნიშნული რიცხვი 10 ათასამდე გაიზრდება.
„დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8 ათასი „პისიარ“ ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე, თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში ყველა პრევენციის მექანიზმი, „112“, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი, ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ უკვე არანაირი შეფერხება არ იქნება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 ათასი საწოლი იმისთვის, რომ თუ კი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ“, – განაცხადა პრემიერმა.