ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა როლი უნდა შეასრულოს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეკონომიკაში გარდა იმ ტრადიციული შინაარსისა, რაც ჩვეულებრივ, მოსახლეობის გამოკვებას ემსახურება. ფაქტია, რომ ქვეყანას, სადაც მოსახლეობის ნახევარ სოფლად ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან არის დაკავშირებული, სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი სწორმა მიდგომამ შეიძლება დადებითი შედეგი მოუტანოს. რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ამ მიმართულებით და რას გააკეთებენ ისინი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? მათ გეგმების საერთო მიწების რეგისტრაცია აღმოჩნდა.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ მცირე მეურნეობებში საკვები პროდუქტების წარმოება ოჯახების არსებობისა და გადარჩენის ერთადერთი გზა არის, რაც განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. ტიტე აროშიძის თქმით, აგრარული სექტორის განვითარებისადმი განსხვავებული - ღია სავაჭრო ურთიერთობებით დატვირთული მიდგომა ძირეულად შეცვლის ტრადიციულ დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობისადმი. ყოფილი მინისტრის მტკიცებით, პარტია, გამარჯვების შემთხვევაში გაზრდის მის როლს და „ღირსეულ“ ადგილს დაუმკვიდრებს საქართველოს დარგობრივ სტრუქტურაში.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობაში ზრდის ნაცვლად კლება გვაქვს და ეს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აგრარული პოლიტიკის მთავარ მიზანს დღეს, სოფლის ეკონომიკური გაძლიერება, ფერმერების შემოსავლების ზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს. გია აბულაძე ამტკიცებს, რომ პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას, კონკურენტუნარიანი, იმპორტის ჩამნაცვლებელი და ექსპორტის პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შექმნის გზას სთავაზობს, რომელიც საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. აბულაძის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ე.წ. „სოფლის სახლი“, რომლის დახმარებითაც მოსახლეობა ყველა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით აქამდე არსებული სახელმწიფო პოლიტიკა ბიუჯეტის უშედეგო ხარჯვის ნათელი მაგალითია. რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის შესაქმნელად, რომელიც იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი? ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, ამ ყველაფერს სწორი გააზრება და შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბება ესაჭიროება. პარტია ამომრჩეველს პირდება, რომ ქვეყანაში სრულად შეიქმნება სოფლის მეურნეობა, როგორც მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგი.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გადაჭრას არა მარტო სოციალური პრობლემები, არამედ იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტზე ორიენტაციის გზით გახდეს, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. თემურ კახიძის თქმით, ამისათვის საჭიროა მასშტაბი, ინდუსტრიული წარმოება, ტექნოლოგია და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა. პირველი, რის გაკეთებასაც პარტია გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრეებისათვის გადაცემა და რეგისტაციაა. „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას ძლიერი და დამოუკიდებელი სოფლის შექმნას ჰპირდება.
როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის მთავარ წყაროდ სწორედ სოფლის მეურნეობას ასახელებენ. შედეგი კი საპირისპიროა. მაგალითისთვის, 1998 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს 9.4%, ხოლო 2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით 8%-ი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წლიურ ზრდას, 2005 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 11.7%-ს უდრის, 2013 წელს 11.3%-ს, ხოლო 2018 წელს -2.9%-ს.