23, სექტემბერი 2020 12:15:00
"პატრიოტთა ალიანსი" 2 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.
საჩივრით ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავდა, პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო, რაც მიზნად ისახავდა თურქეთის მიმართ მტრული განწყობებისა და რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ვიდეოებს თან ერთვოდა წარწერა, "დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს".
პარტიიდან ცესკოს საჩივრის საპასუხოდ აცნობეს, რომ ფეისბუქგვერდი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მათ არ ეკუთვნოდათ და მხარდამჭერების შექმნილი იყო. პარტია ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და აღნიშნული, შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას კი არა, ისტორიული ფაქტების ასახვა იყო.