29, სექტემბერი 2020 21:59:00
6 წევრიანი ოჯახი ცხოვრობს სახლში, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს ჩამოიგრას. აბაშიძეებს ცხოვრება მორიელების, მღრღნელებისა და მწერების გვერდით უწევთ. საცხოვრისში ჭერიდან და კედლები ბათქაში ცვივა. ჭირს იატაკზე სიარულიც. თავდადებული ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებისთვის ბათუმის მერიას მიმართავენ. რას პასუხობენ თვითმმართველობაში? ნინია მესხიძე არკვევდა.
აბაშიძეებისთვის უკვე დიდი ხანია ყოველი ახალი დღე შიშით იწყება და სრულდება. საცხოვრებელი სახლი იმდენად ავარიულია, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა დაიშალოს. ავარიულია ჭერიც. კედლებზე კი ბზარები ყოველდღიურად მზარდია, ამიტომ უამინდობა, კედლებს შიგნითაც ისევე იგრძნობა, როგორც გარეთ. ამ გარემოში უფროსებთან ერთად სამი მცირეწლოვანი იზრდება.
ავარიულ და ნესტიან სახლში მწერები, მღრღნელები და ქვეწარმავლებიც მომრავლდნენ.
ვენერა აბაშიძის შემოსავალი ასაკობრივი პენსია და სოციალური დახმარებაა. იმისთვის, რომ კომუნალურების დასაფარად თანხა დარჩეთ, ელექტროენერგიას, წყალს თუ ბუნებრივ აირს, განსაკუთრებული ეკონომიით მოიხმარენ. ამავე შემოსავლით ყიდულობენ საკვებსაც. 72 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სამკურნალოდ სახსრები აღარ რჩება.
აბაშიძებს ყველაზე მეტად პანდემიის პერიოდში გაუჭირდათ. ოჯახის მარჩენალი სამსახურს უკვე დაუბრუნდა, თუმცა ყოველთვიური ანაზღაურება ბანკში, სესხის დასაფარად შეაქვს.
რასაც ოჯახი დღეს ხელისუფლებისგან ითხოვს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციაა. ბათუმის მუნიციპალური სერვისები სააგენტოში ამბობენ, რომ აბაშიძეებმა უწყებას წერილობით უნდა მიმართონ.