16, ივნისი 2017 20:36:00
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი გათავისუფლებულია. მედეა გვენეტაძემ თანამდებობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას აჭარის განათლების მინისტრი ადასტურებს. ინგა შამილიშვილის თქმით, დირექტორის გათავისუფლების საფუძველი დარღვევები გახდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით სკოლაში ისეთი ტიპის ხარვეზები დაფიქსირდა, როგორიცაა ზოგადი განათლებისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონების დარღვევა, მასწავლებელთა ხელფასის დაანგარიშების წესი და სხვა. გვენეტაძის საქმიანობას სკოლის სამეურვეო საბჭო სწავლობდა, თუმცა მოკვლევის შედეგად იგი თანამდებობაზე დარჩა. მედეა გვენეტაძემ "TV 25"-ის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. არსებული ინფორმაციით, იგი მინისტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.