07, ოქტომბერი 2020 10:25:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად, საცდელი ტესტირება იწყება. პროცესი 12-16 ოქტომბერს ჩატარდება.
NAEC.GE-ზე წერია, რომ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება - საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
ცენტრის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებსაც ამავე ფორმატით მიიღებენ.
აღნიშნული, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც 2019 წელს დაწყო.