11, ნოემბერი 2020 21:59:00
და კვლავაც, ჩვენი ეთერით დღესაც ისევ და ისეც იმ პრობლემაზე უნდა მოგიყვეთ, რომელზეც 21-ე საუკუნეში, ადანიანები წესით არც უნდა საუბრობდნენ, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტი ამ რეალობას დღემდე ვერ გაექცა. სოფლები სასმელი წყლის გარეშე. ჩვენ არაერთხელ გავაშუქეთ ეს თემა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების შედეგები მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა დღემდე ვერ იხილეს. არადა, პანდემიის ფონზე, ხომ ჰიგიენის დასაცავად წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ათობით წელი სასმელი, საბანაო, სარწყავი და საერთოდ, ნებისმიერი დანიშნულებისთვის აუცილებელი წყლის გარეშე. ციხისძირში მცხოვრებლების თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და საცხოვრებელში უწყვეტად მოდის.
სოფელში მცხოვრებლებს წყალი გრაფიკით, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 1 საათით მიეწოდებათ. ადგილობრივები სასმელ წყალს 2 კილომეტრიდან ეზიდებიან, სხვა საჭიროებებს კი ფაქტობრივად ვერ იკმაყოფილებენ.
პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ყოველთვის იდენტურია, რეალობა კი უცვლელი.
ფაქტს, რომ სტალინის უბანში მცხოვრებლებს სასმელი წყალი რამდენიმე წელია არ მიეწოდებათ, უარყოფენ ქობულეთის მერიაში. უწყების ცნობით, დასახლებაში პრობლემა რამდენიმე დღის წინ, ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურის რწმუნებით, საკითხის მოსაგვარებლად სამუშაოები მალევე დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე უამინდობის გამო, დროებით შეჩერებულია.