19, ნოემბერი 2020 21:30:00
დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ქართული დემოკრატიიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამაზე მიუთითებს საქართველოს შესახებ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული ბოლო განცხადებაც. ამ უკანასკნელის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არსებობს. პრობლემაზე ღიად საუბრობენ ადვოკატები და იურისტები. მათ შორის ყოფილი მოსამართლეებიც.
ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მას შემდეგ გაკეთდა, რაც მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. როგორც ჩანს, უცხოელ დიპლომატს აქ გამართული შეხვედრების შემდეგ ეს განცდა დარჩა. ფაქტია, რომ კოლეგებს საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ უნდობლობაზე მოუყვა.
საქართველოში, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ახლა მიმდინარეობს და თან ხარვეზებით, ამაზე სისტემაშიც საუბრობენ. ზაზა პაპიძე თითქმის 10 წელია ადვოკატია. ამბობს, რომ სისტემას მართავენ და საქმეებს სარჩულად ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივები უდევს. იხსნებს 2017 წლის მარტის მოვლენებს, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, სწორედ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, სადამსჯელო ზომა ორჯერ გამოიყენეს.
სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს კიდევ ერთი იუსტისტი. თამთა კახიძე გამოწვევად კლანურ მმართველობას მიიჩნევს.
სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დასმული კითხვა ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა ყოფილი მოსამართლესთვის. ირაკლი შავაძე მართლმსაჯულებას 7 წლის განმავლობაში ახორციელებდა, ჯერ 2005-09 წლებში, ბოლოს კი 2015-18 წლებში, ანუ გადაწყვეტილებების მიღება მას ორივე ხელისუფლების პირობებში უწევდა. პომპეოს მესიჯბოქსი არ გაკვირვებია. ამბობს, რომ სისტემა სწორედ ისეთია, როგორსაც საზოგადოება იმსახურებს. ვინ არჩევს მოსამართლეებს? შავაძე კლანური მმართველობის მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას ასახელებს.
ხარვეზები კარგად ჩანს გვერდიდანაც. ჯაბა ანანიძე თითქმის 20 წელია რეპორტიორია, მეხუთე წელია სამართლის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. თითქმის ყველა პროცესს ესწრება. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან სისტემის მიმართ უნდობლობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება. ამას ჟურნალისტი სისტემის არაეფექტური მუშაობით ხსნის. მაგალითად კი ბათუმის ციხის და აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ქეისები მოჰყავს.
სასამართლო სისტემის სიჯანსაღე ქვეყნის მდგომარეობის ინდიკატორია. მის გაუმართაობას მდგომარეობა ჩიხში შეჰყავს. თაროებზე შემოდებული საქმეები და წლების განმავლობაში არმიღებული გადაწყვეტილებები - რამდენად დამოუკიდებელია ქართული მართლმსაჯულება, დასკვნის გაკეთება აქ არსებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარეც მარტივადაა შესაძლებელი.