24, ნოემბერი 2020 21:30:00
უმაღლესი საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 10 დეკემბრისა აჭარაში მეორე ტურის საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს. ამ დრომდე ოპოზიციას უკვე მიღებულ მანდატებზე უარის სათქმელად უსკოში განცხადება არ შეუტანია. ქართულ ოცნებას 14 მანდატი აქვს, ხოლო 7 ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, თუმცა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გეგმავს და მოთხოვნებს არ ცვლის. რას ფიქრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა უმაღლეს საბჭოში ოპონირების გარეშე დარჩნენ?
უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო, ორი პარტიით უნდა დაკომპლექტდეს. პირველ ტურში მიღებული 82 ათას 700 ხმით, "ქართული ოცნება" მხოლოდ პროპორციული სიიდან 11 წევრს შეიყვანს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ" ოფიციალური მონაცემებით, ხმების 33, 96% აიღო. ეს 61 ათას 242 ამომრჩევლის მხაა. ამ შედეგებით, პარტიას შეუძლია, საკანონმდებლო ორგანოში, პროპორციული სიიდან, პირველი შვიდეული შეიყვანოს.
რაც შეეხება, მაჟორიტარებს, კანდიდატებს შორის ბრძოლა მეორე ტურში გაგრძელდა, თუმცა, რადგან გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნებში მონაწილეობაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა, საბოლოოდ, ყველა მანდატი ასევე "ქართულმა ოცნებამ" აიღო. შესაბამისად, მმართველ გუნდი, 21-დან, ჯამში 14 წევრით შედის.
ოცნების პროპორციული სიიდან, შესაძლოა თანმიმდევრობა დაირღვეს. მაგალითად, თითქმის დადასტურებულია, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელიც სიის პირველი ნომერია, მთავრობის თავმჯდომარის პოსტს არ ტოვებს, ამიტომ მის ნაცვლად, პროპორციული სიიდან ლოგიკურად, მეთორმეტე წევრი უნდა მოხვდეს უმაღლესში. მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, თუ კი მინისტრის პორტფელს დაუბრუნდება ჯაბა ფუტკარაძეც.
რაც შეეხება პროცედურებს, საბოლოო ოქმი უსკო-მ მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 19 დღეში, ანუ 10 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს. ამის შემდეგ, 21 დეკემბრამდე აქვს ვადა ქვეყნის პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანება, საბოლოო შემადგენლობით შეიკრიბონ დეპუტატები. სწორედ ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს პირველი სხდომათა, რომელზეც ოფიციალურად მოხდება მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა.