28, ნოემბერი 2020 14:15:00
გაძვირებული მედიკამენტები, დაბალი პენსია, თავშესაფრებში ცხოვრების სირთლე და სოციალური ურთიერთობების დეფიციტი. რამდენად ითვალისწინებენ პოლიტიკური პარტიები ხანშიშესული მოქალაქეების მოთხოვნებს მათ წინასაარჩევნო პროგრამებში?
ლერი გვარამაძე ერთ-ერთია იმ ხანდაზმულთა შორის, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბრობს. 66 წლის კაცის თქმით, ეს გარემოება მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. ერთადერთი შემოსავალი 220 ლარიანი პენსია აქვს, რაც თვიდან თვემდე საკვების შესაძენად არ ჰყოფნის. ხანდაზმულს სურს, რომ ხელისუფლებამ ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამა დაიწყოს.
კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც მოხუცთა აუცილებელ საჭიროებებზე საუბრობს, შოთა ნაკაშიძეა. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, ხანდაზმულები სათანადოდ ვერ მკურნალობენ. უჭირთ მედიკამენტების შეძენაც. გვიყვება, რომ პენსია დამოუკიდებლად არსებობისთვის არ ჰყოფნის და ოჯახის წევრების დახმარებაზეა. არადა სურს, ხშირად იაროს სამოგზაუროდ, თეატრებსა თუ კაფეებში.
რა სურთ მოხუცებს? კითხვით კიდევ ერთ მოქალაქეს მივმართეთ. პოზიცია, ამ შემთხვევაშიც, წინა რესპოდენტების მსგავსი აღმოჩნდა.
ხანდაზმულთა კეთილდღეობა ჩვენი ვალდებულებაა - ამბობენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“. ოპოზიცია წინასაარჩევნოდ, ახალი პროგრამის განხორციელებას აანონსებს - პენსიონერის ბარათი „65+“, რომელიც უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს გულისხმობს. აღნიშნული, სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში 50%-იან ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ყველა პენსიონერი სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტითაც ისარგებლებს.
პირველი, რის განხორციელებასაც „ევროპული საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, პენსიის გაზრდაა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზეც საუბრობს.
თითქმის იდენტური გეგმები აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან ანთაძის მტკიცებით, ოპოზიციას ამ მხრივ გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს და ცვლილებების განხორციელებაც არ გაუჭირდებათ. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველ წლებს იხსენებს, როცა პარტიამ პენსია, მისივე თქმით, 11-ჯერ გაზარდა.
როგორი სოციალური პოლიტიკა აქვს წინასაარჩევნოდ თავად მმართველ გუნდს? „ქართულ ოცნებაში“ ტრადიციულად, საუბარი არ ისურვეს.