04, დეკემბერი 2020 16:53:00
კორონავირუსმა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. 31 წლის ქალს 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, მშობიარობის შემდეგ კი მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა. სამშობიაროდან იგი სხვა კლინიკაში 27 ნოემბერს გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი და ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ოჯახის წევრები. დეტალები სიუჟეტში.
31 წლის რუსუდან კოკობინაძის გარდაცვალების მიზეზი, რომ მხოლოდ კორონავირუსი არ ყოფილა, მამას ეჭვი არ ეპარება. დარწმუნებულია, რომ შვილის სიცოცხლე ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმების დაუდევრობამ შეიწირა.
კოვიდინფიცირებულ ორსულს, საკეისრო კვეთა 25 ნოემბერს გაუკეთდა. მდგომარეობა იმ დღესვე გაურთულდა. ოჯახის წევრებს წერდა, რომ თავს სუსტად გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა. ატყობინებდა, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა. პაციენტი, სამშობიარო სახლიდან, ჯანმრთელობის ცენტრ "მედინა"-ში 27 ნოემბერს გადაიყვანეს.
გარდაცვლილის დედა ყვება, რომ ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს, ინფექციონისტის - ლევან რატიანის რეკომენდაცია ჰქონდათ და მკურნალობა სწორედ მისი მითითებებით უნდა ეწარმოებინათ, თუმცა მშობლები ახლა ეჭვობენ, რომ მითითებებს არავინ მიჰყვებოდა.
31 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ქალს თანმდევი, ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, თუმცა ვინაიდან ორსულად იყო, ექიმის რეკომენდაციით, თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებდა.
სამშობიარო სახლის დირექტორი განმარტებებს არ აკეთებს. ნუგზარ პაპავამ დღეს ჩვენს ზარებსაც კი არ უპასუხა.
31 წლის ქალი ბათუმში გუშინ გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვლილს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა. რაც შეეხება ახალშობილს, იგი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.