20, იანვარი 2021 21:15:00
„გოგონათა ხმა“ – 9 გოგოსგან შემდგარი პროექტი, ბათუმის ამერიკულმა კუთხემ 2020 წელს განახორციელა და წელსაც გრძელდება. მიზანი ფართო აუდიტორიისთვის, ახალგაზრდებში არსებულ პრობლემებზე საუბარია. განიხილავენ არააქტუალურ, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებს. ახალგაზრდების თვალით დანახულ გამოწვევებზე ჩემი კოლეგა გიამბობთ.
დროის სწორად გამოყენება, ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის რომ გამოწვევაა, ნინო ტუღუშისთვის თვალსშისაცემი დიდი ხნის წინ გახდა. ფიქრობს, რომ ბევრ მის თანატოლს, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა უჭირს, რაც საბოლოოდ მათ მომავალს ხელს უშლის. აქტუალობის გათვალისწინებით, თანატოლებთან პრობლემაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა მუდმივად ჰქონდა სურვილი, თემაზე ფართო აუდიტორიის წინაშეც ესაუბრა.
სურვილი აუხდა. თუ კი აქამდე პრობლემაზე მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან საუბრობდა, უკვე მსმენელთა დიდი აუდიტორია შეკრიბა და არაფორმალური განათლება დაიწყო. ამის საშუალება მას ბათუმის ამერიკულმა კუთხემ მისცა, როცა პროექტის - "ბათუმელ გოგონათა ხმა" განხორციელება დაიწყო.
პროექტით არა მხოლოდ ნინომ ისარგებლა. ელენე ხარაზი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ჯგუფის მუშაობის მიუხედავად, ისევ აქტუალურია ძალადობის თემა და გაგება, რომ ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა მხოლოდ ქალი იყო. მას სურს დაარწმუნოს სხვებიც, რომ ძალადობისგან დაცვა ხშირად კაცსაც სჭირდება, რომ ემოციის გამოხატვა მათაც შეუძლიათ და იგი სისუსტეს არ ნიშნავს. ამერიკული კუთხის პროექტი მისთვისაც ერთგვარი საშუალება გახდა, ბევრისთვის შეეცვალა შეხედულება და სტერეოტიპის დამსხვრევაში დახმარებოდა.
ახალგაზრდების თვალით დანახული გამოწვევები კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი რომაა, თათია დუმბაძის მიგნებებიც დაგარწმუნებთ. ერთი შეხედვით ასევე გაცვეთილი თემა აუდიტორიას ახლებურად დაანახა. თვლის, რომ პროექტის წყალობით შეძლო, მსმენელების ნაწილში, ღირებულებები გადაეხალისებინა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაში დაერწმუნებია.
ბათუმის ამერიკულმა კუთხემ, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. იგი წელსაც გაგრძელდება. რა იქნება გოგონებისთვის აქტუალური თემები, ამას უკვე გაზაფხულიდან გავიგებთ, როცა იდეები განიხილება და საუკეთესოები შეირჩევა.