22, იანვარი 2021 18:59:00
საქართველოში შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი იწყება. გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ აჭარაში საგანმანათლებლო დაწესებულებები სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. მუშაობას მუნიციპალურ ტრანსპორტთან ერთდა, სავაჭრო და კვების ობიექტებიც განაახლებენ. მთავრობის წარმომადგენლების გაფრთხილებით, არ უნდა გვქონდს მოლოდინი იმისა, რომ რეგულაციების შემსუბუქება, ცხოვრების პანდემიამდელ რეჟიმზე დაბრუნებას გულისხმობს.
ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი - ეს იმ ხუთი ქალაქის ჩამონათვალია, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი თებერვლიდან განაახლებს. მომსახურება შეზღუდული, მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება. საუბარია მგზავრების შიდა გადაყვანაზე და იგი საქალაქთაშორისო მიმოსვლას არ გულისხმობს. აკრძალვა არ უქმდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. აქ რეგულაციის შემსუბუქება მხოლოდ1-ელი მარტიდან განიხილება.
ასევე 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. მათ მუშაობის უფლება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ექნებათ. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, სავაჭრო ცენტრები პირველი მარტიდან გაიხსნება. ღია და დახურული ბაზრობები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას 15 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.
აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
1-ელი თებერვლიდან აჭარაში მუშაობას კვების ობიექტებიც განაახლებენ. ისინი მომსახურების მიწოდებას ღია სივრცეებში შეძლებენ. სხვა კოვიდრეგულაციებთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 50%-ის ტესტირება მოეთხოვებათ.
ქვეყნის სხვა რეგიონებში, რესტორნები და კვების ობიექტები მათ შორის, სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, 1 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ სკოლები. ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება, ხოლო საბავშვო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება, 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი.
1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება, თუმცა ყველა სამედიცინო პროტოკოლის დაცვით.
1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, ანუ ისევ იმოქმედებს კომენდანტის საათი.
ძალაში რჩება შეზღუდვები სათხილამურო კურორტებზე.