17, თებერვალი 2021 21:45:00
ხელისუფლება, რომელიც ერთ საქმეს მეორეს დაზიანების ხარჯზე აკეთებს. ქობულეთში, მერიამ მუხაესტატეს გაზიფიცირება ისე დაასრულა, რომ გადათხრილი გზების პირვანდელ მდგონარეობაში მიყვანა კომპანიას არ მოსთხოვა. არადა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს ბევრ პრობლემას უქმნის.
მსგავს სურათს სოფელ მუხაესტატეში ყოველდღიურად შეხვდებით. ასე უკვე ერთი თვეა ცხოვრობენ. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები დასრულდა, სავალი ნაწილი, პირვანდელ მდგომარეობაში არავინ მოიყვანა. ადგილობრივები გზის აღდგენას ითხოვენ,
პრობლემასთან გამკლავებას ადგილობრივები თავად ცდილობენ. გამოდიან და გზის გასწორებას სამუაშაო იარაღებით ცდილობენ, თუმცა უამინდობისას მდგომარეობას ვეღარ ცვლიან. ავტომანქანები, მწყობრიდან, ხშირად გამოსდით.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის მოასფალტება "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ვალდებულებაა, აცხადებენ ქობულეთის მერიაში. აქვე განმარტავენ, რომ კომპანიას, გაზი, მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში გაყავს და მხოლოდ დაქსელვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებს ერთიანად გზის აღდგენით სამუშაოებს. მერის მოადგილე, ლევან ზოიძე ამბობს, რომ გაზიფიცირების სამუშაოები, მუნიციპალიტში წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ვადების გათვალისწინებით, გამოდის, რომ იმ სოფლებში სადაც გაზს გაიყვანენ, მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზა მინიმუმ ერთი წელი არ ექნება.
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გვიპასუხეს. ამბობენ, რომ დანარჩენ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას არ დაელოდებიან და სოფელ მუხაესტატეში, გზის აღდგენას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.