18, თებერვალი 2021 17:25:00
გიორგი გახარაის დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აფასებენ. ალბათ გასაკვირი არცაა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები, ყოფილი პრემიერ მინისტრის გადადგომას მიესალმებიან. ოპოზიციაში ერთხმად თანხმდებიან, რომ "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა. ახლა კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნაბიჯი, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საწინდარია.
საუკეთესო გადაწყვეტილება - ასე აფასებენ პრემიერ მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპონენტები საუბრობენ იმაზეც, რომ გახარიას წასვლით დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" გუნდში განხეთქილება აქვს. პროგნოზირებენ, რომ პროცესები ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანს.
გახარიას გადადგომით ოპოზიციურმა ერთობამ თავისი შედეგი დადო - ამბობენ პარტიაში“ ლელო საქართველოსთვის“. პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილება აქაც აფიქრებინებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.
პოზიციას, იზიარებენ „ევროპულ საქართველოშიც“. თემურ კახიძის აზრით, მმართველმა გუნდმა, გიორგი გახარიას სახით, ერთადერთი, სწორად მოაზროვნე თანაგუნდელი დაკარგა.
მმართველ გუნდში სწუხან, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დაჟინებით იმეორებენ, რომ პრემიერისგან, გუნდის საპირწონე არგუმენტები ვერ მოისმინეს. ახლა, „ქართულ ოცნება“ იმაში გვარწმუნებს, რომ გახარიას გადადგომა, ქვეყანის განვითარებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
გიორგი გახარიამ, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში, დილით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. თქვა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე თანაგუნდელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. იგი, ამ ეტაპზე ოპონენეტის დაკავების წინააღმდეგი იყო.