18, თებერვალი 2021 17:42:00
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება. კანონის თანახმად, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პრემიერი შეასრულებს, მინისტრები კი საქმიანობას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ. პარლამენტმა, მომდევნო 2 კვირის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი უნდა დაასახელოს, შემდგომ კი მის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადოს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ნიკოლოზ მეგრელიშვილის თქმით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს, სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. ნდობის მისაღებად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი, არაუგვიანეს 3 კვირისა, დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.