მსოფლიოს მასშტაბით, ტუბერკულოზი ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო და გავრცელებულია. იგი, ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე მოწყვლად ჯგუფებს აზარალებს და საზოგადოებაში უთანასწორობას ზრდის. საქართველომ, ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციაში მნიშვნელოვან წარმატებას მიღწია, რაც შესაბამისად აისახა კიდეც გავრცელების მაჩვენებელში. დაავადების პრევალენტობის შემცირებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირება. ქვეყანაში, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელიც დაავადების გამოვლენას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მისი დამხმარე მექანიზმების ფუნქციონირებას მოიცავს. აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურმა ხარვეზები თითოეულ მათგანში ოპოვა. შესაბამისად, გაცემული რეკომენდაციების ჩამონათვალიც დიდია.
ციალა სურმანიძე უკვე მე-8 დღეა ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში მკურნალობს. იცის, რომ რთული დღეები წინ ელოდება, თუმცა არ უშინდება. ექიმიც ყურადღებიანი ჰყავს. დიმიტრი ცეცხლაძე პაციენტს ახლა რეკომენდაციებს აძლევს. მედიკოსი ამბობს, რომ ქალმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, რაც სამომავლოდ სირთულეებს თავიდან აარიდებს.
ციალა სურმანიძის გარდა, ახლა, ტუბცენტრში კიდევ 13 პაციენტია. მათ ჯამში 5 ექიმი ემსახურება. თუკი 2015 წლამდე დაწესებულება წლის განმავლობაში 400-მდე პაციენტს იღებდა, ახლა ეს რიცხვი 150-მდეა შემცირებული. სერვისს სახელმწიფო მოქალაქეებს უფასო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს.
მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული სახიფათო და საშიში ინფექციური დაავადება დღემდე კაცობრიობისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მასთან ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში 2-ჯერ შემცირდა. ამის მიუხედავად მართვაში პრობლემები კვლავ რჩება. საქართველოში დაავადების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. შედეგად გამოიკვეთა, რომ:
პრევენციული მექანიზმის სისუსტე სახელმწიფო აუდიტის ერთადერთი მიგნება არ არის. პრობლემაა მკურნალობაზე დამყოლობის მექანიზმის არარსებობაც. იმისთვის, რომ პაციენტებმა საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, მკურნალობას არ შეწყვიტონ, დამყოლობის კონსულტატებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა უნდა იმუშაონ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სპეციალისტები სრულ სერვისს პაციენტებს მხოლოდ დედაქალაქში სთავაზობენ, ქვეყანაში დამყოლობის სამსახურის ერთიანი სისტემა არ არსებობს.
პრობლემაა არანებაყოფლობითი იზოლაციის აღსრულებაც. ანუ იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი გადამდებია და სტაციონარში ნკურნალობაზე უარს ამბობს, სახელმწიფომ ამ უკიდურეს ზომას უნდა მიმართოს. სახელმწიფო აუდიტის ჩატარების პერიოდში ამის საჭიროება 33 შემთხვევაში დადგა, თუმცა მისი აღსრულების არც ერთი პრეცედენტი არ იყო. ამაზე ღიად საუბრობს მესამე სექტორიც.
მაკონტროლებელ ორგანოს ამ უკანასკნელი ხარვეზის აღმოსაფხვრელად რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქვს. უწყებამ ჩართულ მხარეებთან ერთად არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთისდან თავის რიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი უნდა შეიმუშაოს. აპირებს თუ არა ტიკარაძის უწყება აუდიტის მითითების შესრულებას , ჩვენთვის უცნობი დარჩა, რადგან ამ უკანასკნელთან დაკავშირება ვერ შევძელით.