02, მარტი 2021 21:30:00
ოპოზიცია საკუთარ გეგმებს არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ცვლის. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა, გეგმის მიხედვით, დღეს პარლამენტის შენობისა და ქუჩის პიკეტირება სცადეს, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითმ შვიდი პირი დააკავეს.
პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტი და ოპოზიციის ხმამაღალი პროტესტი - "ქართული ოცნების" წევრებს დღეს პარლამენტში შესასვლელად, სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწიათ. ოპოზიცია, აქ დილის 9 საათიდან შეიკრიბა, თუმცა პოლიციმ მათ წინ კორდონი აღმართა და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა. აქციაზე, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ოპოზიცია მთავარ საკნონდებლო ორგანოსთან დღეს ისევ ორი მთავარი მოთხოვნით მივიდა. დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში, აქციებს შეწყვეტა არ უწერია.
პოლიციამ, 7 აქტივისტი, აქციის დაწყებიდან მალევე დააკავა. სამოქალაქო სექტორი, რომელიც დღევანდელ აქციას შეურთდა, ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის ხელისუფლება მათთვის არასასურველი ადამიანების დაკავებას განაგრძობს, თუმცა ეს მათ ვერ შეაჩერებს.
დღეს, აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფებიც გამოჩნდნენ. მათ, პარლამენტის მარცხენა მხარე მთლიანად გადაკეტეს და კონკრეტული მოთხოვნები, მჯდომარე აქციით გააჟღერეს.
რამდენიმესაათიანი აქცია, სიმღერითა და ბუშტების გაშვებით დასრულდა. ოპოზიცია, მორიგი აქციისთის ემზადება. პარასკევს, პროტესტი უკვე მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლებს.