05, მარტი 2021 21:15:00
კიბერუსაფრთხოება და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია
- შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. გომელაურმა კანონმდებლების წინაშე მოხსენება „ მინისტრის საათის“ ფორმატში გააკეთა. დაუსვეს არასასიამოვნო კითხვები, მათ შორის ესებუასა და მელიაზე.
ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ თემაზე კითხვის მოსმენა ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუწია. ალეკო ელისაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრს პირდაპირ ჰკითხა, სად იმყოფება ყველაზე ცნობილი ძებნილი. როგორც 5 თვის წინ, დღესაც, მინისტრი ისევ ირწმუნება, რომ ბადრი ესებუას ადრე თუ გვიან აუცილებლად დააკავებენ. დეტალებზე მან არ ისაუბრა, თუმცა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ტურძელაძის ინფორმაციით, ესებუა საქართველოშია.
ბადრი ესებუასთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, თუმცა დღეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს ნაციონალური მოძრაობის ოფისში 23 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაცია მოუწონეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის შეფასებით, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპარაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა. თუმცა სოზარ სუბარი მაინც დაინტერესდა, იყო თუ არა გამოყენებული სამართალდამცველების ოპტიმალური რაოდენობა სპეცოპერაციისას.
კომფორტი შინაგან საქმეთა მინსიტრს არც ოპოზიციამ დაურღვია. როგორც აღმოჩნდა ერთპარტიულ პარლამენტში შესულ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს პრეტენზიები არა შინაგან საქმეთა მინისტრთან არამედ საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენილ ოპოზიციასთან აქვს. ისინი გომელაურს აქტივისტების მოქმედებებზე რეაგირებას სთხოვენ.
გომელაურთან და მის უწყებასთნ რამდენიმე კითხვა ჰქონდა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს. ლევან იოსელიანს აინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების გაყალბების ფაქტებზე.
დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
მინისტრის საათის ფორმატში, ანგარიშის წარდგენისას, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა. ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. გომელუარი ასევე ამბობს, რომ არის გამოწვევებიც, რისთვისაც, რეფორმებია დაგეგმილი.