08, მარტი 2021 21:59:00
ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქის შვილის სკანდალური აუდიოჩანაწერები მედიაში უკვე ორი დღეა ტრიალებს, თუმცა, გამოძიებას არავინ იწყებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საამისოდ, საკმარისი საფუძველი არ არის. მეტიც. აცხადებენ, რომ ჩანაწერი, ოპოზიციისთვის მხოლოდ საბაბია, უარი თქვას მოლაპარაკებებზე. ისინი, ვინც აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ, განმარტებებს საჯაროდ არ აკეთებენ. ტელე იმედის ეთერში, მცირე კომენტარით მხოლოდ ანზორ ჩუბინიძე შემოიფარგლა. ვრცლად მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.
სკანდალური აუდიო ჩანაწერის გასაჯაროებიდან, 2 დღის შემდეგაც, ირაკლი შოთაძის უწყებას გამოძიება ჯერ კიდევ არ დაუწყია. ამ დრომდე უცნობია, „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა. ოპოზიცია, საგამოძიებო უწყებებს, ჩანაწერების შინაარსით დროული დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ამ დრომდე, ერთადერთია, ვინც „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ანგარიშსწორებას, სწორედ ანზორ ჩუბინიძის საშუალებით ცდილობს.
ის, რასაც ჩუბინიძე იუმორით უყურებს, წითელი ხაზია ოპოზიციისთვის.
ოპოზიციის მოთხოვნის ფონზე, გამოძიების დაწყების საფუძვლეს ვერ ხედავენ მმართველი გუნდში. ამბობენ, რომ გამოძიება მაშინ იწყება, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. მმართველი პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია ამ ჩანაწერებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენებს.
გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი შესაძლოა უკანონო გზით იყოს მოპოვებული, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია.
როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, უცნობია, თუმცა იმავე ჩანაწერით გაკეთებული პარალელების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ დანაშაული 2016 წელს ხდებოდა.