06, აპრილი 2021 12:20:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 1 აპრილიდან იმპორტის გზით თაბაშირ-მუყაოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, იმპორტიორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (eservices.rs.ge) საშუალებით, შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „თაბაშირ მუყაოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“ შესაბამისად, 1 აპრილიდან იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თაბაშირ-მუყაოს საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება.
შეტყობინების ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება - „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივი ბრძანებით.