16, აპრილი 2021 21:30:00
პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების შედეგები აქაურობას კარგად დაეტყო. ბათუმის იახტკლუბში ტურისტების სიმცირეა. მურატ იანგიევი ერთ-ერთია, ვინც ამ კოვიდ 19-ს არ შეუშინდა და ბათუმში მოგზარურობა დაგეგმა. დღეს უქმედ არ ჩაუვლია. ქალაქის დამთვალიერებელმა იახტით ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნა და ტურით კმაყოფილიც დარჩა.
ტერიტორიაზე ადგილობრივებსაც იშვიათად შენიშნავთ. კორონაპანდემიამ რომ სკუტერების ბიზნესი ჩააგდო, ფაქტია. საზღვაო სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ გასულ წელს თვითგადარჩენაზე იმუშავეს.
დავით ფირცხალაიშვილი საკუთრებაში 6 მცურავ საშუალებას ფლობს. თუ კი 2019 წლის ზაფხულში, დღის განმავლობაში 30 ტურს გეგმავდა, 2020 წლის პანდემიამ ეს ციფრი 3-მდე დაუგდო. ამბობს, რომ გასული წლის უმუშევრობამ ვალებიც დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალში დგომის გადასახადი შეამცირეს, წაქცეულ ბიზნესს მაინც არ ეშველა. იახტკლუბის დირექტორს ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, გადასახადები კი მძიმე ტვირთად აწევს.
გასულ წელს ბიზნესის სამართავად დაქირავებული 4 მძღოლი ჰყავდა, თუმცა დღეს უსახსრობისა და ტურისტების გარეშე დარჩენილი ყველა ფუნქციას თავად ითავსებს.
დავით ფირცხალაიშვილის მსგავსად, კორონაპანდემიამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო თითქმის ყველა თვითდასაქმებული, რომელიც თავს იახტებისა და სკუტერების გაქირავებით ირჩენდა. ამბობენ, რომ მაისის ნაცვლად მუშაობის დაწყება აგვისტოში უწევთ, რის გამოც წყალში დგომის საფასურსაც კი ვერ იხდიან.
იახტკლუბში ახლა საზაფხულო სეზონისთვის ემზადებიან. მფლობელები წყალში მცურავ საშუალებებს რეკონსტრუქციას უტარებენ. რამდენად იმუშავებს ბიზნესი - ეს იმის პირდაპირპროპორციულია, რამდენად გონივრული იქნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ კი ტურისტებს მთავრობა გზას კვლავ ჩაუკეტავს, საზღვაო სფეროში მომუშავეებს საარსებო მინიმუმისა და საბანკო ვალდებულებების გამოსამუშავებლად დამატებითი შემოსავლების ძიება მოუწევთ.