03, მაისი 2021 21:30:00
უძველესი ლაზური კულტურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. კიდევ შეიძლება მოისმინოთ ენა, რომელიც სარფის სასაზღვრო, ქართულ სოფლებში და ისტორიულ ლაზეთში შემორჩა. მართალია ლაზურს, ყოველდღიურ ურთიერთობაში, ძირითადად უკვე მხოლოდ ხანმდაზმულები იყენებენ და ენა ახალგაზრდებში ნელ-ნელა იკარგება, დრო ვერაფერს აკლებს თევზჭერის ტრადიციას. თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ადგილობრივები, მაინც სახელმწიფოს ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ. თეო ფუტკარაძე იმყოფებოდა სარფში, რეპორტაჟი იქნება ნახევარ საათში.
ლაზურ ოჯახში, ერთმანეთს, ასე აღდგომას ულოცავენ. ოთხი ათასი წლის ისტორიის მქონე ლაზებს, მრავალფეროვანი გამოცდილების მიუხედავად, ადათ-წესები არ შეუცვლიათ. ძველი კოლხების უმრავლესობა თურქეთის ტერიტორიაზე არიან. საქართველოში კი, დაახლოებით, 2 ათასი ლაზია და ძირითადად, აჭარაში, სარფი-კვარიათის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგანძური, რომელსაც ძირძველი ქართველები საგულდაგულოდ უფრთხილდებიან ლაზური ენაა. თუმცა, ამის მიუხედავად, უფროსი თაობა შიშობს, რომ ენის დავიწყების საშიშროება არსებობს.
საუკუნეების გარდასვლამ ვერაფერი დააკლო ზღვის სიყვარულსა და თევზჭერის ტრადიციას. სწორედ, ამ განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხსნიან ფაქტს, რომ საცხოვრებლად ყოველთვის ზღვასთან ახლო ტერიტორიას ირჩევენ. მეთევზეობა, მათ არა უბრალოდ საკვების მოპოვებად მიაჩნიათ, არამედ, რიტუალურ კონდიციამდე ყავთ აყვანილი. განსაკუთრებული მიდგომა აქვთ ზღვის პროდუქტების მომზადების პროცესთანაც.
განსხვავებული დღესასწაული, რომელსაც ლაზები აღნიშნავენ, კოლხობაა. ამ დროს, ძირძველი კოლხები წყლის კულტს მიაგებენ პატივს.
აქ მცხოვრებლები, ლაზური კულტურის შენარჩუნებისთვის სახელმწიფოს როლზეც საუბრობენ. სწორედ, ამიტომ, მიიჩნევენ რომ ლაზური და სხვა ქართველური ენები სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს, რადგან ფიქრობენ, რომ კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ ენაა.
აჭარაში მცხოვრები ლაზების განაწყენების მიზეზი, ხშირად ის ფაქტია, რომ მათ ქართველებად არ მოიხსენიებენ. მსგავსი შინაარსის ფრაზებს, იაშა თანდილავა, ასე პასუხობს:
ლაზები ამბობენ, რომ ვიდრე ზღვა, ზღვაში თევზი, მებადურს კი თევზჭერის საშუალება ექნება, მათ თვითმყოფადობას, საფრთხე არ ემუქრება.