14, მაისი 2021 21:15:00
თვითმმართველობის არჩევნებამდე, სულ რაღაც, 5 თვე დარჩა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კი, ისევ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მოლოდინშია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, დღეს, ფიქრობს, რომ ბრძოლის მთავარი ხაზი, სწორედ, თვითმმართველობის არჩევნებზე გადის. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ სამზადისი აქვთ, სავარაუდო წარმომადგენლებიც ჰყავთ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი დროა. ამიტომაც, პარტია, კანდიდატის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ჯერ კიდევ არ შესულა, „ევროპული საქართველო“. პარტიაში იზიარებენ მოსაზრებას, რომ ახლა გადამწყვეტი როლი, თვითმმართველობის არჩევნებს უჭირავს. ვინ იქნებიან მუნიციპალიტეტებში პარტიის წარმომადგენლები? პეტრე ზამბახიძის განმარტებით, კანდიდატებს, ოპოზიციური გაერთიანება ერთად შეარჩევს და მათი სახელით, კენჭს, მხოლოდ, ერთი კანდიდატი იყრის.
ამავე პოზიციაზე არიან „ლელოშიც“. აჭარის რეგიონული ხელმძღვანელის თქმით, მათი წინა საარჩევნო გეგმები, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. კერძოდ, ის, კენჭისყრაში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ თუ სხვა ოპოზიურ პარტიებთან ერთად.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, იქნება თუ არა მეორე ვადით, მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში, ვახტანგ ბერიძე? ხულოს მოქმედი მერის განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა და გადაწყვეტილებაც არ მიუღია.
მოსაზრებას რომ მუნიციპალიტეტის აღმშენებლობას განაგრძობს და მომავალ არჩევნებზე ფიქრისთვის დრო არ აქვს, ამბობს ომარ ტაკიძეც. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვერ გამოთქვამს იმედს იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ოქტომბრის კენჭისყრაზე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადგენს.
განსხვავებული პასუხი აქვს ქედის მერს. კითხვაზე, სურს თუ არა მუნიციპალიტეტის მართვა მეორე ვადით? აღმოჩნდა, რომ ლევან გორგილაძეს, ამის სურვილი, არც თავის დროზე ჰქონდა.
თემაზე საუბარი ნაადრევად მიიჩნია ხელვაჩაურის მერმა. ჯუმბერ ვარდმანიძემ არც ის გვითხრა, ჰქონდა თუ არა საკითხზე კონსულტაცია მმართველ გუნდთან. ჩააბარებს თუ არა მართვის სადავეებს არაერთ სკანდალში გახვეულ მერს, „ქართული ოცნება“, ეს რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
იფიქრებს თუ არა მომდევნო 4 წლის ვადით ქობულეთის მერობაზე, მირიან ქათამაძემ ჯერჯერობით არ იცის. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მიღებამდე ოცნების გუნდისგან შეთავაზება უნდა მიიღოს.
რაც შეეხება, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს. რას გეგმავს დანიშნული არჩილ ჩიქოვანი და აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქალაქის მართვის სადაავეებს ჩააბარებს? ჩიქოვანთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ვცდილობდით.