დანაშაული, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. შესაძლოა ერთ დღეს ეზოში ავტომობილი გააჩეროთ და მეორე დღეს შენიშნოთ, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, კატალიზატორი აღარ აქვს. არადა ეს ის დეტალია, რომელიც გამონაბოლქვს ასუფთავებს. ქურდობის და ძარცვის მასიური შემთხვევების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბათუმელი მძღოლები.
მანქანის კატალიზატორის ქურდობის ფაქტები, ქალაქში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გახშირდა. ეს ალბათ, იმიტომ, რომ ავტომობილის ამ კონკრეტულ ნაწილზე, ფასი საკმაოდ მაღალია. დაზარალებული მოქალაქეები კი, ვეღარც ქურდ და ვეღარც ნაქურდალს აგნებენ. მეტიც, ამბობენ, რომ დაწყებული გამოძიება დროულად და შედეგით არასდროს სრულდება.
გამოძიება, რომ დროულად არ სრულდება და სამართალდამცავებს, საქმე თაროზე დიდი ხნის მანძილზე აქვთ შემოდებული, ამას ჩვენი მომდევნო რესპონდენტიც გვიდასტურებს. ავთანდილ ბეჟანიძის თქმით, მსგავსი მიდგომა, კრიმინალის წახალისებას იწვევს. დაუსჯელობის სინდრომის, გამო კი, ქურდობის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა.
გახშირებული ქურდობის ფაქტები აშინებთ ავტომობილების მფლობელ სხვა მოქალაქეებსაც. იმის გამო, რომ შემთხვევები შეუმჩნეველი რჩება, ფიქრობენ, რომ მას ამ საქმეში დახელოვნებული პირები ახორციელებენ. ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელია, რადგან ეს კონკრეტული ნაწილი, ჰაერსი დაბინძურებას ამცირებს.
საქმე იმაშია, რომ ჩამბარებელ პუნქტებში ძირითადად, არც მანქანის გამოშვების თარიღს ითხოვენ და არც ავტომობილის ნომერს. მაგალითად, ჩვენ ბათუმში არსებულ, ერთ-ერთ, მიმღებ პუნქტში მივედით, აქ გვითხრეს, რომ კატალიზატორებს ხშირად იბარებენ, გვაჩვენეს ჩაბარების ფორმაც, რომელიც მოქალაქემ უნდა შეავსოს, თუმცა, კითხვაზე რამდენად ხშირად მიაქვთ მოპარული ნაწილები, პასუხი ვერ მივიღეთ. გვითრეს, რომ ქურდის და ავტომობილის რეალურ მფლობელს ვერ არჩევენ.
მსგავსი პუნქტები ქალაქში მრავლადაა. რამდენად ხშირად შედის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაზარალებული მოქალაქეების შეტყობინება და რამდენ შემთხვევაში დასრულდა გამოძიება შედეგიანად? კითხვებზე საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მზად არ აღმოჩდნენ.