უმუშევრობის დონის შემდეგ, საინტერესოა როგორია ცხოვრების დონის მაჩვენებლები საქართველოში. ბუნებრივია, ეს მონაცემები ერთმანეთის პირდაპირპორციულია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის შემოსავლების კვლევა გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 4.5 პროცენტით შემცირდა. ამავე მონაცემებით შემცირებულია ხარჯები. ია გოლიაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, იგრძნეს თუ არა ეს კლება მოქალაქეებმა და რითი ახერხებდნენ ოჯახები თავის შენახვას.
მერი გორგაძე წლებია ამ ტერიტორიაზე ვაჭრობს. თვითდასაქმებული სოფლიდან ჩამოტანილი ნერგების და მწვანილის გაყიდვით 7 წევრიან ოჯახს არჩენს. ამბობს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემოსავლები და ხარჯები დაახლოებით 5-ჯერ შეუმცირდა. თუკი ადრე დღეში 50 ლარამდე თანხას გამოიმუშავებდა, დღეს უკვე 10-15ლარსაც ვერ აღწევს.
ოჯახების შემოსავლები რომ შემცირდა, ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. საქსტატის მიხედვით, თუკი 2019 წელს თვიური ფინანსები 1 251 ლარი იყო, 2020 წელს - 1 194 ლარს შეადგენდა. ქალაქებში ეს კლება 4.3 , ხოლო სოფლებში 5 პროცენტია.ფულადი შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ თანხებს უჭირავს, რაც ასევე შემცირებულია თითქმის 1 პროცენტით. 2 პროცენტითაა შემცირებულია თვითდასაქმებიდან მიღებული ფინანსებიც.
საქსტატის მიხედვით, შემოსავლების კლების ფონზე 2020 წელს, შემცირებულია ოჯახების ხარჯებიც. თუკი 2019 წელს თვიური ხარჯები საშუალოდ 1220 ლარი იყო, გასულ წელს 1127 ლარი შეადგინა. კვლევის ასეთ შედეგებს, ვერ გრძნობენ მოქალაქეები. ბათუმის ქუჩებში გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ პირიქით, ცხოვრება გაძვირებულია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სხვა არაფერია, თუარა ციფრებით მანიპულაცია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევით, რა მეთოდოლოგიით შეაფასა საქსტატმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
ეკონომისტები არსებულ სიტუაციას პანდემიის გამო შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ. ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ ხარჯებიც კლებას სწორედ ამან განაპირობა.
საქსტატის მიხედვით, ადამიანების ძირითადი ხარჯი 42.1 % სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე ნაწილდება. 13.7 % მოდის საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებზე, ჯანმრთელობის დაცვის წილი კი 12%-ია.