03, ივნისი 2021 12:13:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-ით განისაზღვრა. მეექვსე თვეა, რაც საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება.ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებას ნიშნავს.
ინფლაციის დონით, Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე 196 ქვეყნიდან მხოლოდ 33-შია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი აპრილის სტატისტიკას ითვალისწინებს, მაისში ინფლაციის დონის ზრდა კი განახლებულ სიაში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.