04, ივნისი 2021 20:10:00
მომდევნო სასწავლო სემესტრიდან ქართულ სკოლებში ახალი სახელმძღვალოს სწავლება დაიწყება. „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ - მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას სპეციფიკას გაეცნობიან. რამდენად მისაღებია ინიციატივა მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის და როგორ აფასებენ სიახლეს დარგის ექსპერტები?
„რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ - ამ სახელწოდებით, 2021-2022 სასწავლო წელს,ქართულ სკოლებში, ახალი სახელმძღვანელო შევა. წიგნში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტის მუშაობა, წევრები და მათი არჩევის წესი, ასევე, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, კანონების აღსრულების ზედამხედველობა და პარლამენტის ურთიერთობა მოსახლეობასთან. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები გაეცნობიან.
ინიციატივა მისაღებია, თავდა მოსწავლეებისთვის. ალექსანდრე აბუსელიძის მოსაზრებით, დღესდღეობით, მოზარდები, პოლიტიკური ცხოვრებით ნაკლებად ინტერესდებიან, ამიტომაც,მათთვის, პარლამენტის მუშაობის პრინციპის გაცნობა მნიშვნელოვანია,.
საპირისპირო მოსაზრება აქვთ მშობლების ნაწილს. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, ინსტიტუციური ცოდნის ამაღლების ნაცვლად, უმჯობესია, სკოლამ, მოსწავლეებს დემოკრატიული აზროვნება ჩამოუყალიბოს.
სამოქალაქო განათლების ექსპერტის შეფასებით, ინიციატივა, პარლამენტის შესახებ ცნობიერებას გაზრდის. ნინო გვარამაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მოზარდებმა, პატარა ასაკიდანვე ზუსტად იცოდნენ, რას წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანო.
იდენტური მოსაზრება აქვს პოლიტოლოგს. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ახალი სახელმძღვანელო პასუხისმგებლიან ამომრჩეველს გაზრდის და ახალგაზრდებს ასწავლის იმას, თუ რა ძალა აქვს საზოგადოების ხმას.
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი, სამოქალაქო განათლების ნაწილს დაემატება, რომელიც სკოლაში წლებია ისწავლება. პაკეტი, ორ სახელმძღვანელოს მოიცავს და იგი, კლასების მიხედვით იქნება განაწილებული. იდეა,საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ეკუთვნის. პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.