09, ივნისი 2021 18:39:00
შურისძიება 90-იანი წლების მეთოდით. ბათუმში, დღეს, მაღაზია „ფარფურის“ დაწვა სცადეს. ბოროტმოქმედებმა, ამჯერად, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ ფილიალს, საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჩამსხვრეულია მინები. დაზიანებულია გასაყიდი პროდუქციაც. სუპერმარკეტის თანამშრომლებმა, ფაქტზე საუბარი არ ისურვეს. „ფარფურის“ დამფუძნებელმა კი სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ მას აშანტაჟებენ და ბიზნესის დათმობას აიძულებენ. თამუნა კახიძის თქმით, მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით ახორციელებს. კახიძე, დაპირისპირების მიზეზად, დიდი რაოდენობით ვალს ასახელებს, რისი დაბრუნებაც ჯინჭარაძეს არ სურს და ამ ფორმით, დამფუძნებელზე ზეწოლას ცდილობს. TV25-ი მურმან ჯინჭარაძესა და გოჩა ბარამიძეს ვერ დაუკავშირდა. სურვილის შემთხვევაში, მაუწყებლობა მზადაა, მათი პოზიციები მოისმინოს. აქვე შეგახსენებთ, ეს „ფარფურის“ მაღაზიის დაწვის მცდელობის პირველი შემთხვევა არაა. გასულ კვირას, აეროპორტის გზატკეცილზე ცეცხლი, კიდევ, ერთ ფილიალს წაუკიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.