11, ივნისი 2021 21:20:00
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე წარდგენილმა, პარმენ ჯალაღონიამ მმართველი გუნდის სრული უმრავლესობის ნდობა მოიპოვა და უსკოს, უკვე მეორე ვადით, 2026 წლამდე უხელმძღვანელებს. ოპოზიციონერი დეპუტატები, საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გაყალბებას ჯერ კიდევ ედავებიან, რის გამოც მათ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ანუ, გამოდის, რომ ჯალაღონიას მხარი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა. სხდომაზე გაისმა ბრალდებები იმის შესახებაც, რომ უსკოს თავმჯდომარე კომისიის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.
13 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი მმართველი გუნდიდან. აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატების გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, მომდევნო 5 წლის ვადით, ისევ პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს.
უსკოს თავმჯდომარის არჩევნებში, მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მიზეზად,"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, 2020 წლის არჩევნების გაყალბება დაასახელეს, რაშიც მათივე თქმით, ბრალი, პარმენ ჯალაღონიას მიუძღვის.
ყოფილი თანაგუნდელების პოზიცია გაიზიარა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმაც. ირაკლი ჩავლეიშვილმა, უსკოს თავმჯდომარის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, საბჭოს თავმჯდომარეს სიტყვით მიმართეს, რომ საკითხის განხილვა დროებით გადაედოთ. ოპოზიციონერ დეპუტატებს სურდათ, რომ პარმენ ჯალაღონიას, 2020 წლის არჩევნების ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხები საჯაროდ გაეცა.
ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდება კატეგორიულად გამორიცხა თავად პარმენ ჯალაღონიამ. უსკოს უკვე მეორე ვადით არჩეულმა თავმჯდომარემ თქვა, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს.
დღევანდელ სხდომაზე, ამჯერად ოპოზიციონერების ჩართულობით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრიც აირჩიეს. რამაზ ფირცხალაიშვილისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატებს შორის, დეპუტატებმა, მხარი, ამ უკანასკნელს დაუჭირეს.