16, ივნისი 2021 21:10:00
„მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“ - ბათუმი, ხვალ ვებინარი გაიმართება. აღნიშნული, ტექნოლოგიების საშუალებით, დიდი მონაცამების დამუშავებას ეხება, რათა გაიზომოს დანიშნულების ადგილის მდგრადი განვითარების დონე. მოდელი დიდი მონაცემების გამოყენებით, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სოციალურ საკითხებს ზომავს. საბოლოო ჯამში კი, პროექტი მიზნად დიდ მონაცემთა ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ისახავს.
ეკონომიკური საკითხები, გარემოს დაცვა, კულტურა, სოციალური მდგომარეობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინდიკატორებისა, რომელთა გაზომვაც დიდი მონაცემების გამოყენებით ხდება. ახალი სლოვენური მოდელი, მიზნად ისახავს ტურიზმის მდგრადი განვითარების კიდევ უფრო დეტალურად შესწავლას და საჭირო სტრატეგიების შემუშავებას. იზომება ტურიზმის დადებითი თუ უარყოფითი გავლენა, სხვადასხვა სფეროზე, ერთი კონკრეტული ადგილის მაგალითით.
ციფრული ხელსაწყოს საშუალებით, რომელსაც „ტურიზმის გავლენის მოდელი“ ეწოდება, გაანალიზდა ქალაქ ბათუმსა და აჭარაში ტურიზმის სექტორი. სწორედ, ამ ანალიზის პირველადი შედეგებს განიხილავენ ხვალინდელ ვებინარზე. ღონისძიებაზე, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მონაცემების შეგროვების გამოწვევები, მათი გაანალიზების საფუძველზე დამდგარი შედეგები და ამ მონაცემთა ანალიტიკის პერსპექტივები საქართველოში.
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. აქ გვეიბნებიან, რომ ახალი მოდელის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ, დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება, „ტურიზმის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ხვალ, 16 საათზე, ონლაინ სივრცეში გაიმართება. პროექტი ევრო-კომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება. მასში საქართველოსთან ერთად, სლოვენია, საბერძნეთი, უკრაინა და რუმინეთი მონაწილეობენ. დანტერესებულმა პირებმა, ვებინარზე დასწრების პირობების გასაცნობად, „ტურიზმის ინსტიტუტის“ გვერდს უნდა ეწვიოთ.