17, ივნისი 2021 21:15:00
ორი მალხაზი მივიწყებული სპორტის სახეობას აცოცხლებს. სკოლელები, მეგობრები და ბადმინტონის ჩემპიონები, ამ სფეროს მოზარდებს უსასყიდლოდ ასწავლიან. 2016 წლიდან დღემდე შეძლეს, სრულყოფილი გუნდის ჩამოყალიბება, ხუთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება. მალხაზ მურვანიძის და მალხაზ მჟავიას პორტრეტ მაცნეს ობიექტივში.
მივიწყებული სპორტის სახეობის აღორძინება, 2016 წელს, გადაწყვიტეს. მალხაზ მურვანიძე და მალხაზ მჟავია, ბავშვობის მეგობრები, თანასკოლელები და ბადმინტონის მიმდევრები არიან.
მეცამეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წლების შემდეგ, ისევ აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მიაკითხეს. თავდაპირველად, ექვსი ბავშვისთვისთვის, ბადმინტონის შესწავლა, სრულიად უსასყიდლოდ გადაწყვიტეს. საჭირო აღჭურვილობაც საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.
ბათუმის „დელფინები“ - ასე ჰქვია იმ გუნდს, რომელიც მალხაზ მურვანიძის და მალხაზ მჟავიას, დამსახურებით, ბადმინტონში, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
ხუთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი - ეს ჩემპიონატზე გუნდის მონაპოვარია. ახლა უკვე სრულყოფილი და ოცი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი, ამ წარმატებაზე გაჩერებას არ აპირებს. მწვრთნელების დამსახურებით, ის საქმე, რასაც ახლა აკეთებენ ყველაზე, მეტად უყვართ.
ახლა, ბათუმის „დელფინები“, მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ შეკრებაზე არიან. გუნდები, თბილისიდან, იმერეთიდან და აჭარიდან ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდს გაიდიან.
წარმატების მისაღწევ გზაზე უამრავი გეგმა აქვთ და ძალისხმევის დაზოგვასაც არ აპირებენ. სამომავლოდ, პირველობისთვის ბრძოლას, საერთაშორისო ასპარეზზე გეგმავენ.