21, ივნისი 2021 21:45:00
მოუწესრიგებელი სანაპირო და საგზაო ინფრასტრუქტურა სარფში. ტურისტული სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა იქ, დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი არაფერია. პლაჟზე დღემდე არ არის საშხაპეები, გასახდელები, მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ იპოვით სველ წერტილს, სანაპირო კი ბალახითაა დაფარული. გზაზე გადააგილება კი დაზიანებული დამცავი ბადეების გამო საფრთხის შემცველია.
ასე აფასებენ მოქალაქეები სარფის სანაპიროზე არსებულ მდგომარეობას. აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისევ დასასრულებელია. პლაჟი მოუწესრიგებელია, არ დგას სანაგვე ურნები, არც საშხაპეებია მოწყობილი, სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკების უმრავლესობა დაზიანებულია. პანდემიის ფონზე შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად, ხელისუფლება იმედებს, სწორედ, ტურიზმზე ამყარებს, თუმცა, ზღვისპირა ზოლში არსებულმა სურათმა შესაძლოა რეგიონში ჩამოსული დამსვენებელი დააფრთხოს.
გარდა საპლაჟო ინფრასტრუქტურისა, გაუმართავია სხვა ტურისტული სანახაობებიც. ფაქტია, რომ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი არ აღმოჩნდა მიზეზი იმისთვის, რომ დამსვენებლების მოსაზიდად , ტურისტული ობიექტები მეტად გაემართათ. მაგალითად სარფში არსებული ჩანჩქერი, ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. აქ ადგილობრივებიც, ხშირიად, მოდიან, თუმცა, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა, დამთვალიერებლებს იმედს გაუცრუებს.
ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ სარფის კლდეზე დამცავი ბადეები დაზიანებულია. იგი, უამინდობისას ქვის ცვენას ვერ უმკლავდება.
რატომ არ მოემზადა ხელვაჩაურის მერია ტურისტული სეზონისთვის სათანადოდ? მერის მოადგილოე ამბობს, რომ პლაჟების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა მეიჯარეების ინტერესებში უნდა შედიოდეს. კახა ფუტკარაძის თქმით, პანდემიის გამო ჯერ ახალი ტენდერი არ გამოუცხადებიათ. რაც შეეხსება ჩანჩქერთან არსებულ მდგომარეობას, გვითხრეს, რომ პრობლემაზე რეაგირება მოკლე დროში მოხდება
სარფში, დაზიანებული დამცავი ბადეების მოწყობა საქართველოს გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაა. აქ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სატელეფონო საუბრისას, მხოლოდ, ის გვითხრეს, რომ პრობლემას დროულად მოაგვარებენ.