აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, დღეს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს. თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 85 მილიონ 747 ათას 900 ლარით გაიზარდა, საერთო ჯამში კი, 414 მილიონ 221 ათას 900 ლარი შეადგინა. „ქართული ოცნების“ წევრებმა, ბიუჯეტს უპრეცედენტო უწოდეს და თქვეს, რომ თანხა მთლიანად მოსახლეობის პრობლემებს მოხმარდება. უფრო ზუსტად, როგორ გადაანააწილეს გაზრდილი ბიუჯეტი? ნინია მესხიძე გიამბობთ.
ვიდრე უშუალოდ გაზრდილი ბიუჯეტის გადანაწილებაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ აჭარის მთავრობის სხდომა, საგანგებოდ, დრამატულ თეატრში გაიმართა. რეგიონის კორექტირებული მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით განიხილეს. თუმცა, ადგილზე მყოფ საჯარო უწყებების ხელმძღვანელ პირებს არავინ მოუსმინა. მათ კითხვების დასმის საშუალება არ ჰქონდათ. ანუ, გამოდის, რომ ხელისუფლებამ, ისინი, სხდომაზე მხოლოდ მსმენელებად მიიწვია. სამაგიეროდ, პოზიციები დააფიქსირეს მთავრობის წევრებმა. თქვეს, რომ 414 მილიონიანი ბიუჯეტი რეგიონისთვის უპრეცედენტო და ისტორიულია. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მასში, ყველა ის პრობლემაა გათვალისწინებული, რაც მოსახლეობას აწუხებს.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტს 15 მილიონი დაემატა და თითქმის 124 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზარდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. სამინისტრომ, ამ თანხით, რეგიონში არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე უნდა იზრუნოს. 4 მილიონზე მეტი გამოიყო ნარჩენების მართვის ობიექტისა და ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიისთვის.
თითქმის 10 მილიონით გაიზარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი. უწყებამ თანხა, 14 სკოლის მშენებლობასა და 40 სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაციას უნდა მოახმაროს. დაიგეგმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება. გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.
27 მილიონზე მეტი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. როგორც გვარწმუნებენ, გრძელდება ყველა დაგეგმილი პროგრამა და იზრდება გარკვეული მიმართულებების დაფინანსებები. 3 მილიონზე მეტი უნდა მოხმარდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას. სიახლეა ის, რომ მილიონ ლარამდე თანხა გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსებისთვის გამოიყო. ასევე, სრულად დაფინანსდება, ორსულებისთვის, ტყვიის შემცველობის კვლევა.
კორექტირებული ბიუჯეტით, 19 მილიონამდე ლარით განისაზღვრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ფინანსური დოკუმენტი. შედეგად, უნდა გაგრძელდეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა მიწის უფასოდ დამუშავება, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, თანადაფინანსებით, ათასი ცალი მოტო-ბლოკი გადაეცემათ. გრძელდება მელიორაციის პროგრამაც.