06, ივლისი 2021 21:10:00
„ივერია ბიჩი“ - რესტორანი ბათუმის ბულვარში, რომელსაც სანაპირო ათვისებული აქვს. კვების ობიექტმა, პლაჟი იჯარით აიღო და მასზე შეზლონგები განათავსა. ფაქტს მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. ქალაქის სტუმრები ამბობენ, რომ სივრცით ვერ სარგებლობენ, რადგან რესტორნის მფლობელები იქ გარუჯვის უფლებას არ აძლევენ.
ზღვისპირა ზოლის ეს მონაკვეთი, „ივერია ბიჩმა“ გასულ წელს იჯარით აიღო. კვების ობიექტს, პლაჟის ათეულობით მეტრზე, შეზლონგები აქვს განთავსებული. ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ მოქალაქეები პლაჟით სარგებლობას ვერ ახერხებენ.რის გამოც, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ.
იმავეს გვეუბნება კიდევ ერთი დამსვენებელი. ნინო ყაზაიშვილის თქმით, სანაპიროს ამ ნაწილით იმ შემთხვევაში სარგებლობენ, თუ კი „ივერია ბიჩს“, შეზლონგის ქირაობისთვის, თანხას გადაუხდიან,ანუ მათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ, გასარუჯად სხვა ადგილი უნდა აირჩიონ.
ბრალდებებს, რომ კვების ობიექტის ხელმღვანელობა, მოქალაქეებს ადგილით სარგებლობის უფლებას არ აძლევს, „ივერია ბიჩში“ კატეგორიულად უარყოფენ. რესტორნის თანამშრომლებმა სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა კამერებს მიღმა გვარწმუნებდნენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ისინი დამსვენებლებს, მხოლოდ, შეზლონგების უფასოდ გამოყენებას უკრძალავენ.
„ივერია ბიჩი“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოიჯარეა. უწყებაში გვარწმუნებენ, რომ საიჯარო პირობების თანხმად, პლაჟით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.