09, ივლისი 2021 21:05:00
მეუფუტკრეობა, როგორც ტურისტული ლოკაცია ქედაში ევროკავშირის თანადაფინანსებით მოეწყო. სავიზიტო დანიშნულების მქონე ეს მეურნეობა, მთიან აჭარაში ასულ დამთვალიერებლებს მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თერაპია, შეიძინოთ ბიო თაფლი, თაფლ პროდუქტები და გაეცნოთ მთაში შემორჩენილ ტრადიციულ „ჯარას“ სკისთაფლის წარმოებას. რეზო თურმანიძის „ფუტკრის სამყარო“ მაცნეში.
მეფუტკრეობას წლებია ეწევა. წლებთან ერთად მიღებულმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა, რომ საკუთარი მეურნეობა ტურისტულ პროდუქტად ექცია და ასე, ოჯახის შემოსავალიც გაეზარდა. ამისთვის შესაბამისი სივრცეც მოაწყო და მთაში შემორჩენილ ტრადიციულ „ჯარას“ თაფლის პოპულარიზაციას ეწევა. ეს რეზო თურმანიძეა, ცნობილი მეფუტკრე ქედიდან.
რეზო თურმანიძის „ფუტკრის სამყარო“ სოფელ პირველ მაისში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედაა განთავსებული. ადაპტირებულ სივრცეში, სოფლის იერსახის შენარჩუნებით, ყველა დეტალი მეურნეობას მოარგო და ვიზიტორებისთვის თვალწარმტაცი გახადა. ხის ფანჩატურები, საქანელები, თერაპიის ოთახი, თაფლისა და თაფლპროდუქტების სარეალიზაციო სივრცე. ვიზუალური დატვირთვის მქონე საჩვენებელი თუ საკუთარი იდეით გაკეთებული ინოვაციური სკები ერთამენთის პარალელურად განთავსა. ბუნებრიობის შენარშჩუნების მიზნით, არსებული ქვის ლოდები შეღება და სამეურნეო დანიშნულებაც გამოუნახა.
მეურნეობის ტურისტულ ლოკაციად ქცევა პანდემიის დროს გადაწყვიტა. ამბობს, რომ ამას საკმაოდ დიდი ფიზიკური შრომა და ფინანსები დასჭირდა, თუმცა, არსებული შედეგით კმაყოფილია. მეწარმე, მხოლოდ, თაფლის წარმოებაზე არაა ორიენტირებული და ძირითად აქცენტს, იმ პროდუქტებზე აკეთებს, რაც ბაზარზე ნაკლებადაა და თან ძვირად ფასობს.
თაფლ პროდუქტებითა თუ მეფუტკრეობით დაინტერესებულ მოქლაქეებსა და ტურისტებს ადგილზე ყველა სახის მომსახურებას უწევს. აქ განსაკუთრებით მოთხოვნადი „ჯარას“ თაფლია. აქვე მისი წარმოების სპეციფიკის გაცნობაა შესაძლებელი.
თურმანიძეებმა ტურისტული ლოკაცია - „ფუტკრის სამყარო“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მოაწყვეს.