21, ივლისი 2021 15:40:00
მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას ამიერიდან ადგილზე შეძლებს. ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ახალი სასწავლო წლიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცე შუახევში.
შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, შუახევში პირველ ეტაპზე სამშენებლო მიმართულებების პროფესიული პროგრამები ამოქმედდება. თუმცა კოლეჯი განავითარებს და მრავალფეროვანს გახდის გრძელვადიან და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროფესიულ პროგრამებსაც. დარგობრივი უნარების, ასევე სწავლებისა და შეფასების მიმართულებით გადამზადდნენ კოლეჯის კონკურსის შედეგად შერჩეული პროფესიული მასწავლებლებიც.
თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა შუახევში აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემო აჭარაში მიგრაციის შეჩერებას, მოსახლეობის კომპეტენციების გაძლიერებასა და მათ დასაქმებას.