ეპიდვითარება მძიმეა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდი- ამ ფონზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება რეგულაციების დაცვა. დღეს ამირან გამყრელიძემ ქორწილებისა და წვეულებების გამართვაზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის პერიოდული მოწოდებები, როგორც ჩანს, საკმარისად ანგარიშგასაწევი არ არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხალმხმარავალი ქორწილი გამართა. ის ვინც, კანონის დაცვაზე გვესაუბრება, ხშირად თავად აღმოჩნდება კანონდამრღვევი. როგორ აფასებენ გიორგი მანველიძის ქმედებას თანაგუნდელები და რა პასუხი აქვს ოცნების გუნდის წევრს
ეს განცხადება ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს გააკეთა. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ქორწილებში წასვლისა და გართობის ნაცვლად, ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ქვეყნის მთავარი ეპიდემილიოგის რჩევები ან არ ადარდებს, ან პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხალხმრავალი ქორწილი გადაიხადა. გიორგი მანველიძეს ამირან გამყრელიძის მუდმივი მოწოდება სავარაუდოდ, საერთოდ გადაავიწყდა. მაღალჩინოსნის წვეულებაზე, არც დისტანციას იცავდნენ და არც პირბადეები ადარდებდათ. უქმნის თუ არა უხერხულობას მას ის ფაქტი, რომ თავად აღმოჩნდა კანონდამრღვევი - კითხვაზე პასუხის მისაღებად მასზე გამოდევნება დაგვჭირდა.
„ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს”. არც ბრალდება გაგვკვირვებია. ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვები ხომ მაღალჩინოსნებს ერთ სურვილს აღუძრავს - აგრესიული ტონით პასუხისმგებლობა ნებისმიერ საკითხზე ჩვენ დაგვაკისრონ. ზუსტად, ასე მოიქცა პრემიერ-მინისტრი, როცა გაორმაგებული სტატისტიკა და მძიმე მდგომარეობა მედიის წარმომადგენლებს გადმოგვაბრალა.
გავლენიანი მაღალჩინოსნის ქორწილს რომ დავუბრუნდეთ. კანონდამრღვევი მეგობარი მთავრობის წევრებმა, ასე რომ ვთქვათ, გაამართლეს კიდევ ერთი. როგორც ჩანს, ოცნების გუნდს მათემატიკის და ციფრების თვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია აქვს. თუკი გიორგი მანველიძე ამტკიცებდა, რომ წვეულებაზე მხოლოდ 30 ადამიანი იყო, ირაკლი ჭეიშვილმა „მაცნეს“ კამერის წინ ღიად თქვა, რომ იქ 70-მდე კაცი იყო შეკრებილი. უფრო მეტიც, დასძინა, რომ რიგითი ვახშამი რესტორანში რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.
თანაგუნდელის ქორწილის შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩნდა ტიტე აროშიძე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გვითხრა, რომ მანველიძის ქორწინების შესახებ არაფერი იცის. ოცნების გუნდის წევრმა ილია ვერძაძემ კი სიცრუის ტირაჟირებაში დაგვადანაშაულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კითხვა სასაცილოდ ეჩვენა და ჩვენი კამერის წინ ქორწილისა და ჯვრისწერის განმარტებების ახსნა დაიწყო. თორნიკე რიჟვაძისთვის თემა მოძველდა და მისი კომენტირება არ ისურვა.
დღევანდელ სიტუაციას და პასუხისმგებელი პირების კომენტარებს ალბათ გიორგი მანველიძის ახლადშერთული ცოლის სიმღერა ყველაზე კარგად აღწერს: