28, ივლისი 2021 12:35:00
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა!
2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, განიკურნოს ამ დაავადებისგან. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით
C ჰეპატიტი არის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთებადი დაავადება და მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის სახით. დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.
მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი. მათგან დიდმა ნაწილმა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ.