30, ივლისი 2021 21:58:00
„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. აჭარის 6 მუნიციპალიტეტის მოცემულობა ასეთია: ბათუმში, მერობისთვის არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებს, რომელიც თითქმის ერთი წელია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ქობულეთის კანდიდატად ლევან ზოიძე დაასახელეს. იგი ამ დრომდე მოქმედი მერის, მირიან ქათამაძის მოადგილეა. ხელვაჩაურში, პირველობის მოპოვებას ზაზა დიასამიძე შეეცდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს. მანამდე იგი, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოში გამარჯვებისთვის მოქმედი მერი, ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს. როლანდ ბერიძე დაასახელეს ქედის მერობის კანდიდატად, რომელიც ახლა მოქმედი მერის პირველ მოადგილედ მუშაობს. და ბოლოს შუახევი, მუნიციპალიტეტიდან მართვის სადავების ხელში ჩაგდებას ომარ ტაკიძე შეეცდება, რომელიც ამ ეტაპზე, შუახევის მერობის მოვალეობას ასრულებს.