საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით, რომელშიც 5 600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, მედიკოსები რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდს მიმართავენ. ღია წერილს ხელს 720 ექიმი აწერს.
"ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ; ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო. ჩვენ ვართ ისინი, ვის სახესაც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავენ და ვისი თვალებიც ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება; ჩვენ ვართ ისინი, ვინც თქვენ მიერ დაწესებულ რეგულაციებს ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ და სავარაუდოდ ხვალ თქვენი ოჯახის წევრის სასთუმალთან ვიდგებით.
წერილში ექიმები მთავრობისა და საბჭოს მისამართით რამდენიმე კითხვას სვამენ, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის შესახებ. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ უწყებებს, დააწესონ შესაბამისი რეგულაციები, რათა ლოკდაუნის შემოღება აუცილებელი არ გახდეს.
ექიმების რეკომენდაციათა შორისაა:
1. სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი;
2. აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);
3. გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები;
4. რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;
5. შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი.