2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით მერების დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მერების ხელფასები 1,800-2,000 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ რეალობასთან სრულად შეუსაბამოა. პრემიერის თქმით, გადაწყვეტილი აქვთ მათი ხელფასების პრაქტიკულად გაორმაგება.
რამდენად შეესაბამება ღარიბაშვილის სიტყვები რეალობას, ანუ ნამდვილად უხდიან თუ არა 1.800-2.000 ლარს მუნიციპალიტეტის მმართველებს ანაზღაურების სახით? ამ ინფორმაციის შემცველი სტატია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა.
IDFI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, მერების ყოველთვიურ სარგოებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე.
რიცხობრივად, აჭარაში მოქმედი მერების ხელფასები ასე გამოიყურება (მუნიციპალიტეტის მმართველები ხელზე მითითებული თანხის -20%-ს იღებენ):
ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი - 4 500 ლარი
ქობულეთი - მირიან ქათამაძე - 3 500 ლარი
ხელვაჩაური - ჯუმბერ ვარდმანიძე - 3 500 ლარი
ხულო - ვახტანგ ბერიძე - 3 500 ლარი
ქედა - ლევან გორგილაძე - 3 500 ლარი
შუახევი - ომარ ტაკიძე - 3 500 ლარი
IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.