08, სექტემბერი 2021 13:11:00
"უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან", - ეს განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გააკეთა.
დევი ტაბიძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არსად წასულა, ის მძვინვარებს.
„მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, მთავარი გზავნილი. უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს“, - განაცხადა ტაბიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტის განმარტებით, კოვიდით ინფიცირების თვალსაზრისით დღევანდელი მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„აღნიშნული ციფრები პირადად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტს, არავითარი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ ეს ციფრები არ არის დასრულებული. ჯერ არ დასრულებულა აგარაკის სეზონი და ადამიანების იმ რაოდენობას არ აქვს ტესტირება ჩატარებული, რომელიც რეალურ სურათს მოგვცემს. გარდაცვალების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ არც ეს არის კარგი მონაცემი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მონაცემი 20-25 ერთეულს არ აცდეს“,- თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.