10, სექტემბერი 2021 14:15:00
რა გავლენა მოახდინა კოვიდ19-მა სასამართლო სხდომებზე, ანგარიში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა. მიგნებები ასეთია: კოვიდ-19 პანდემიამ არსებითი გავლენა მოახდინა საჯარო განხილვის უფლებაზე. ასევე, პრობლემურია პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის სიმწირის გამო. საია წერს, რომ დისტანციურ სხდომებზე პრობლემური გახდა ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ რისკების შემცველია მოწმეთა დისტანციურ სხდომაზე დაკითხვა. კერძოდ, სასამართლოსთვის რთულია შეამოწმოს, ხომ არ იმყოფება მოწმესთან ერთად ვინმე, ვინც უკარნახებს მას, რა უპასუხოს კონკრეტულ კითხვაზე. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოწმეები პოლიციის განყოფილებიდან იკითხებოდნენ, რაც შესაძლოა, გამხდარიყო გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემცველი. მონიტორინგი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.