28, სექტემბერი 2021 19:53:00
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიციის წარმომადგენლები, ქედაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, ზეწოლაზე საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქედის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ყველა რესურსს იყენებს. ვაჟა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ცესკომ საარჩევნო უბნები, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებებით დააკომპლექტა, შედეგების გასაყალბებლად კი, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რიცხვს ზრდის.
ამომრჩეველთა დაშინებაზე საუბრობენ, გახარიას პარტიის, ქედის ოფისშიც. რამაზ გოლომანიძის თქმით, დაშინების ობექტი, არა მარტო თავიანთი მაჟორიტარი, არამედ, სახელმწიფო შემწეობის მქონე ოჯახებიც არიან. პარტიას „საქართველოსთვის“ ქედის ორგანიზაციას, არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაბის მაჟორიტარი და პროპორციული სიის ორი კანდიდატი გამოეთიშა.
მერისი - ოქტომბრისა და მახუნცეთი - დოლოგანის თემებში მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს „ლელოს“. პარტიის წარმომადგენლები, არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურებს „ქართული ოცნების“ სააგიტაციოდ იყენებენ.
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქედის ოლქში. აქ აცხადებენ, რომ უბნები გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა. გადასატანი ყუთით
მოსარგებლე ამომრჩევლების ზრდას კი, შესაბამისის საჭიროებებით ხსნიან.
რაც შეეხება სახელისუფლებო პარიტიას, აქ კომენტარს არ აკეთებენ. ამირან ცინცაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ქედის საკრებულოს მოქმედი წევრი და ამავე პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერია. საჯარო მოხელემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მედიასთან სასაუბრო არაფერი აქვს.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქედაში 31 საარჩევნო უბნიდან, 26 უბანზე, ცესკო, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო გადაღებას განახორციელებს.