04, ოქტომბერი 2021 19:44:00
მოლოდინი, რომელიც ქართულ ოცნებას არ გაუმართლდა. გამარჯვების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. მმართველი გუნდი საზეიმო კონცერტისთვის ისე ემზადებოდა, საერთოდ არ უშვებდა იმას, რომ ქვეყნის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურები დასჭირდებოდა. მეტიც, ხმათა რაოდენობით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი აჯობებდა კიდეც. რამ განაპირობა შედეგები, ვნახოთ სიუჟეტი.
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ეგზიტპოლის შედეგებით გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხუთ დიდ თვითმმართველ ქალაქში, მეორე ტური დაინიშნებოდა, თან ისე, რომ რიგ შემთხვევებში ოპოზიციას, უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ექნებოდა. რამ განაპირობა ასეთი მაჩვენებელი? პოლიტოლოგების შეფასებით, ელექტორატის დიდ ნაწილზე, გავლენა სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ მოახდინა. გია მასალკინის მოსაზრებით, 30 ოქტომბერს, გადამწყვეტი პარტიების მხრიდან გამოყენებული საჭირო რესურსები გახდება.
დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღა იგრძნობა - ასე აფასებს კიდევ ერთი პოლიტოლოგი, არჩევნების შემდგომ პერიოდს. ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობა არჩევნების გაყალბებამ, დაშინებამ და იმ ფაქტორებმა განაპირობა, რაც კენჭისყრის პროცესში ხდებოდა. ჩიტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები ექს პრემიერის პარტიამაც წაართვა.
ფილოსოფოსი ლალი ანთიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ფაქტობრივად წააგო. მისი თქმით, ეს წინა სააარჩევნო კამპანიამაც განაპირობა, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ აკონკრეტებდა, რატომ უნდა დაეჭირათ მოქალაქეებს მათთვის მხარი. ანთიძე მეორე ტურში გადარჩენის ერთადერთ გზად, ზიზღის ენის შეცვლას და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შეჩერებას ასახელებს.
მიუხედავა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მსურველები, ყველა უბანთან მობილიზებული ჰყავდა, თბილსში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. აქედან, სამ დიდ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.