05, ოქტომბერი 2021 13:43:00
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი საარჩევნო პროცესს აფასებს და ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმა წარმატებული იყო და ეს 2021 წლის არჩევნებზე გამოჩნდა. მისი თქმით, წარმატებული აღმოჩნდა 100 მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც პარტიის წარმომადგენლებს ეხებოდა.
"რა თქმა უნდა, იმუშავა 10%-იანი გადათვლის დანაწესმა და სწორედ ამის გამოა, რომ ვერავინ ბედავს, ილაპარაკოს ჩაყრებზე და ა.შ. გადაითვალა 360 უბანი. სტატისტიკა კვლავ გამოქვეყნდება, მაგრამ რაც გვაქვს, პირველადი მონაცემები - რამე სერიოზული პრობლემა არ არის. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ამ გადათვლის შედეგად ხმები ქართულ ოცნებას მოემატა. ასე რომ, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, 2020 წლის არჩევნები ხომ არ გადაგვეთვალა და ხომ არ ვნახავდით ქართული ოცნებისთვის დაკლებულ ხმებს". -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
პაპუაშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა, რომ ბოდიში მოიხადონ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას წინაშე, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარესთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვისაც, აქვთ ბოდიში მოსახდელი, იმისთვის, რომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.