15, ოქტომბერი 2021 13:14:00
სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ციხის სამზარეულოს ნაწილში აალების მიზეზი ისევ დაუდგენელია.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილები არიან რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილი.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განმარტავს, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია "ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.