28, ოქტომბერი 2021 19:00:00
არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. თვითმმართველი ქალაქების ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება კენჭისყრის მეორე ტურში გამარჯვებული. თითოეულ პარტიას საკუთარი ხედვა, გეგმა და წინასაარჩევნო დაპირება აქვს. სოციალური ფონიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან და ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე კი მოთხოვნები აქვთ მოქალაქეებს. მოდის თუ არა თანხვედრაში პარტიების შეთავაზებები ხალხის საჭირობებთანდა სურვილებთან? ია გოლიაძემ გაავლო პარალელები
„მშვიდობიან ქალაქში ცხოვრება“- შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულთა აბსოლიტურ უმრავლესობას სწორედ ეს სურვილი აქვს. 30 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმში მცხოვრებლებს დროის ათვლა ისეთ გარემოში სურთ,სადაც თანაცხოვრებაში შუღლი , ხოლო პოლიტიკაში - სიბინძურე აღარ იქნება. მოქალაქეებს ასევე სურთ, ხელისუფლება ღირსეული კადრებით დაკომპლექტდეს.
მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფალი, სახელწმიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, მეტი სიყვარული, პატივისცემა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ- ეს სურვილები ბათუმის ქუჩებში გამოკითხულებისგან მოვისმინეთ. საზოგადოება ყოველდღიური საპროტესტო აქციებითაც დაიღალა.
მოდის თუ არა თანხვედრაში პარტიების შეთავაზებები ხალხის სურვილებთან? ვინაიდან არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს კონკურენციას „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწევენ, კითხვის გადამოწმება ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის მაგალითზე ვცადეთ. ოპოზიციური გაერთიანების შეთავაზება ამომრჩევლის სურვილებთან ახლოსაა. ბათუმის მერობის კანდიდატმა გვითხრა,რომ მათი გამარჯვების შემთხევაში, ხელისუფალი მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული, სიძულვილის ენას კი უარს ეტყვიან.
მორგებულია თუ არა ხალხის სურვილებზე მმართველი გუნდის შეთავაზებები? ამის გარკვევა ვერც დღეს მოვახერხეთ. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა სატელევიზიო ინტერვიუზე, ტრადიციულად, უარი განაცხადა.